2015-09-01

საქართველოს უნივერსიტეტის ექსპედიცია სამშვილდეში /2015/

   საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2015 წელს ნაქალაქარზე კომპლექსური კვლევები ჩაატარა.

პირველი ეტაპის კვლევები გულისხმობდა გარკვეული უბნების გეოარქეოლოკაციური მეთოდებით დაზვერვას, გამოყენებულ იქნა სხვადასხვა სიხშირის გეორადარები /GPR/ და მიღებული შედეგები გეოფიზიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ფიზიკის მეცნ. დოქტ. დ. ოდილავაძის მიერ წლიურ ანგარიშზე იქნება წარმოდგენილი.

მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ნაქალაქარის შიდა ციხის არქეოლოგიური კვლევების დაწყებას რაც მიზნად ისახავდა ამ ტერიტორიის არქეოლოგიური სტრატიგრაფიის დადგენასა და კულტურული ფენების სიმძლავრის განსაზღვრას. გათხრები განახორციელა უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ პროფ. დ. ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით, მოწვეული სპეციალისტების სტატუსით ექსპედიციასთან თანამშრომლობდნენ პროფ. გ. გრიგოლია და პროფ. დ. კაჭარავა.

კვლევებში აქტიურად იყვნენ ჩართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები, რომლებმაც ველზე პროგრამით გათვალისწინებული საველე პრაქტიკა გაიარეს. 

გამოვლენილი ოსტეოლოგიური მასალა შესწავლილ იქნა პალეონტოლოგ მ. ბუხსიანიძის მიერ და კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება ექსპედიციის წლიურ ანგარიშზე.

გათხრების შედეგად გამოვლენილი არქიტექტურული ობიექტების ანაზომები და ჭრილები შეადგინა ექსპედიციის არქიტექტორ-რესტავრატორმა თ. გაბუნიამ.

შესრულებული სამუშაოების სამეცნიერო ანგარიში კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის მიხედვით გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ანგარიში ასევე დაცულია საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ხელოვნების დეპარტამენტში.