ჩვენს შესახებ

Img

სამშვილდის შესახებ

         ნაქალაქარი სამშვილდე, სტრატეგიულად ძალზე ხელსაყრელ ადგილასაა განლაგებული. იგი აღმართულია მდინარეების: ჭივჭავისა და ხრამის /ძვ. ქცია / შესაყართან ამოზიდულ მაღალ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ წაგრძელებულ კონცხზე, რომლის დამრეცი ფერდობები სამი მხრიდან მიუდგომელია. კონცხის ზედა პლატო სიგრძით 3 კმ-მდეა. სიგანით კი გაცილებით ვიწროა 100მ – 150მ. ბატონიშვილი ვახუშტი სამშვილდეს ამგვარად აღწერს : “დაშორისსა ზედა არს გარდავლებული ხრამით ხრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი. კუალად გარე მის ქალაქისა ზღუდე გარდავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა.”

 

 უძველესი ცნობები სამშვილდის შესახებ მოცემულია ლეონტი მროველის, ჯუანშერის და “მატიანე ქართლისაის” ისტორიულ წყაროებში. ამ წყაროთა მიხედვით ქ. სამშვილდე დაუარსებია ქართველთა ლეგენდარულ წინაპარს – ქართლოსს: “ამანვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე”, აღნიშნავს ლეონტი მროველი. აქვეა ცნობა იმის შესახებ, რომ ძვ.წ. III ს_ში ფარნავაზ მეფეს ქვეყანა 9 საერისთაოდ დაუყვია: “მეოთხე გაგზავნა სამშვილდეს ერისთავად და მისცა საკვირეთისა მდინარითაგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი” _ ვკითხულობთ ლეონტი მროველთან. საუკუნეთა მანძილზე ქ.სამშვილდე, სამშვილდის საერისთაოს ცენტრი იყო, თუმცა ხშირად ქალაქი სამეფო გამგებლობაში გადადიოდა საუფლისწულო დომენად. მაგალითად ვახტანგ გორგასლის პაპამ არჩილ მეფემ “მისცა . . . სამშვილდე ძესა თვისსა საერისთაოთა მისითა და მუნ დასხდნენ მირდატ და საგდუხტ” – ვგებულობთ ისევ ლეონტი მროველთან. უკვე ვახტანგ გორგასლის დროს კი სამშვილდეს ერისთავი ადარნასე ფლობს. ჯუანშერს მოჰყავს ერთი საინტერესო ცნობა: ვახტანგ გორგასლის დედას, საგდუხტს, რომელმაც რჯული შეიცვალა და ქრისტიანობა მიიღო, აქ ეკლესია აუგია; “და მან აღაშენა სიონი სამშვილდისა” _ გვაუწყებს ჯუანშერი.

    ადრეფეოდალურ ხანაში სამშვილდე ძალზე დაწინაურებული ქალაქი იყო. ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. სამშვილდე მთლიანად აკონტროლებდა მთელს ქვემო ქართლის დაბლობს. ქალაქის ფლობა ამ ადგილებზე გაბატონებას მოასწავებდა. VI-VII სს. სამშვილდე ქართლის პიტიახშთა ხელში უნდა ყოფილიყო, ხოლო თუ სამშვილდის სიონის VIII ს-ის საამშენებლო-ქტიტორულ წარწერის – “ნათესავით პიტიახშნი”-ს ვენდობით, სამშვილდე VIIIს-შიც პიტიახშთა შთამომავლობის განმგებლობაში უნდა ჩავთვალოთ. ისტორიკოსი დ. ბერძენიშვილი, ნაშრომში “ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან” აღნიშნავს: “ძველ სომხურ და ქართულ წერილობით წყაროებზე დაკვირვებით ჩანს, რომ ქართლის საპიტიახშოს ძირითადი ტერიტორია სამშვილდის საერისთაო უნდა იყოს და ქართული წყაროების აქაური ერისთავიც თითქმის პიტიახშია”. სამშვილდის სიონის წარწერის განხილვის შემდეგ იგი ასკვნის, რომ სამშვილდე თავისი ქვეყნით VIIIს-ში თბილისის საამიროს ფარგლებში არ შედიოდა. ასეთივე ვითარება სუფევდა IXს-ის II ნახევრამდე, როდესაც ქართლისთვის ბრძოლა სომეხთა სამეფომ დაიწყო. IX ს-ის ბოლოდან სამშვილდე სომეხ ბაგრატუნებს ეპყრათ, ვიდრე 1065 წელს ბაგრატ IV-მ არ წაართვა იგი კვირიკე “სამშვილდელს” და “იურვა სახლად თავისად” /”მატიანე ქართლისაი”/. გიორგი II დროს მალიქ-ფაშამ, ქართველი დიდებულის ივანე ლიპარიტის ძის ღალატის მეოხებით სამშვილდე დაიკავა. საბოლოოდ სამშვილდე დავით აღმაშენებელმა გაანთავისუფლა 1110 წელს. ქალაქი კვლავ აღორძინდა. ამ პერიოდში მთელი ეს მხარე “ყოველი სამშვილდის” სახელით მოიხსენიებოდა, ხოლო სამშვილდე ერთ-ერთ უძლიერეს ქალაქად ითვლებოდა მთელს ამიერკავკასიაში.

    სამშვილდეს მძიმე განსაცდელი დაადგა მონღოლებისა და თემურ-ლენგის ლაშქრობების დროს. იგი განსაკუთრებით დაზარალდა 1440წ. ჯაჰან შაჰის შემოსევისას , როდესაც 11000 სამშვილდელი მოქალაქე დახოცეს. აქედან იწყება სამშვილდის დაქვეითება. იგი მძლავრი სამეფო ქალაქიდან ბარათაშვილთა სათავადოს პროვინციულ ცენტრად გადაიქცა.

    XVIს-ის 70-იან წლებში თურქების შემოსევების შემდეგ, სამშვილდემ, როგორც ქალაქმა, არსებობა შეწყვიტა. თუმცა სამშვილდე, როგორც ციხე-სიმაგრე კვლავ მოქმედებდა. მრავალი ბრძოლა გადახდა ამ ციხეს XVII-XVIIIსს. 1748 წელს ციხეს უკვე ერეკლე II ფლობს. ერთ ხანს სამშვილდის ციხე ისევ ფუნქციონირებს,შემდეგ თანდათან დაცარიელდა და XIXს-ის დასაწყისიდან გაპარტახებულ ნაქალაქარად გადაიქცა.